"რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია თბილისის დისკუსია სოხუმსა და ცხინვალთან" - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ და იქვე დასძინა, რომ "მოსკოვი მზადაა, მსგავს დიალოგს შეუწყოს ხელი, თუმცა - ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში":
"ვთვლით, რომ დისკუსიის მონაწილეებმა მეტად უნდა გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და ამ კუთხით უპირველესად ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას შეუდგნენ. მსგავსი იურიდიული ვალდებულება მტკიცე გარანტია იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების არგანმეორების თვალსაზრისით".
გარდა ამისა, მოსკოვი პირობად "საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებას" აყენებს.
"ბოლო პერიოდში ამ ამოცანების აქტუალურობა მხოლოდ იზრდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების გააქტიურებული მცდელობების ფონზე, შიდა რეგიონული წინააღმდეგობები რუსეთის საზღვრებთან ვითარების დასაძაბად გამოიყენონ თავად რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოდ და ღირსეულად არსებობის ინტერესების სრული უგულებელყოფით" - განაცხადა ზახაროვამ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით.