საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, რომელიც სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს“.
"ჩვენი კურსი მკაფიოა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დემოკრატიული და რესპუბლიკური წესრიგი, წესრიგი, რომელიც აქვს დაბალანსებულ საზოგადოებას, სადაც ინსტიტუტები საფუძველს შეადგენენ. ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც გამოხატავს საკუთარ სუვერენულობას არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. გროვა ვერ გადაწონის ხალხის წარმომადგენლებს", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიის პირობებში კანონის ტექსტი არალეგიტიმური არ არის იმის გამო, რომ ცოტა ხმა მიიღო.
"ჩვენს წინაშე იხსნება პერიოდი, როდესაც უნდა დავმშვიდდეთ, დავბრუნდეთ მოედანზე და მოვუსმინოთ ბრაზს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.
აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.