საფრანგეთში სენატმა მხარი დაუჭირა საკამათო საპენსიო რეფორმის პროექტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საპენსიო ასაკის ეტაპობრივ ზრდას 62-იდან 64 წლამდე. კვირას, 12 მარტის ღამეს, ამ ინიციატივას მხარი 195-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 112 იყო.
"ასობით საათის დებატების შემდეგ, სენატმა მიიღო საპენსიო რეფორმის გეგმა. ეს არის გადამწყვეტი ეტაპი იმ რეფორმის დასასრულებლად, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პენსიების მომავალს", - დაწერა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა.
15 მარტს რეფორმის პროექტი ერთობლივმა კომიტეტმა უნდა შეამოწმოს. კომიტეტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის წარმომადგენლებისგან შედგება. თუ კომიტეტი ამ დოკუმენტს დაამტკიცებს, მას 16 მარტს ორივე პალატაში უყრიან კენჭს.
11 მარტს საფრანგეთში კიდევ ერთხელ გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობა 368 000-მა ადამიანმა მიიღო. საპროტესტო აქციებმა პოლიციასთან სერიოზული შეტაკებების გარეშე ჩაიარა.
საპენსიო რეფორმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. იგი გულისხმობს საპენსიო ასაკის თანდათან მატებას 62-იდან 64 წლამდე, ასევე იმ მინიმალური პერიოდის 43 წლამდე გაზრდას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს შენატანები პენსიის სრულად მისაღებად.
საფრანგეთში ბევრი ხანდაზმული ადამიანი მუშაობს, რათა საჭირო წლებს მიაღწიოს. თუმცა, 67 წლის მიღწევის შემდეგ, მოქალაქეს უფლება აქვს, პენსია სრულად მიიღოს. ეს ფაქტი უცვლელი უნდა დარჩეს. ამასთან, მაკრონის მთავრობა პენსიის მინიმალური ოდენობის 1200 ევრომდე გაზრდას აპირებს.
პროფკავშირები საპენსიო რეფორმას უსამართლოდ მიიჩნევენ და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. გამოკითხვების თანახმად, ფრანგების ორი მესამედი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.