960 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა პარიზში, ნიცაში, მარსელში, ტულუზაში, ნანტში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო სისტემის რეფორმირების გეგმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
დედაქალაქში ხელისუფლებამ დაახლოებით 93,000 მონაწილე დაითვალა, რაც ყველაზე მეტია მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო იანვარში. საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსახლეობის სხვა ჯგუფები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს მხარი ვერ დაუჭირეს, როცა პროტესტი სამუშაო დღეებში იმართებოდა.
"ხშირად გვესმის, რომ ძალიან პატარები ვართ იმისთვის, რომ ვინერვიულოთ მოახლოებული რეფორმების გამო, მაგრამ ინფლაციისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის პირობებში, ეს რეფორმა გავლენას მოახდენს ჩვენს ოჯახებზე", - თქვა 18 წლის მომიტინგემ.
პროტესტს თან ახლდა გაფიცვა, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ საფრანგეთის დედაქალაქის სიდიდით მეორე აეროპორტიდან ფრენების ნახევარი გაუქმდა.
საპროტესტო აქციებს თან ახლდა არეულობები. პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ბულვარზე ერთი მანქანა და რამდენიმე ნაგვის ურნა დაიწვა. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბია და განაცხადა, რომ დაკავებულია რვა მოქალაქე.
შემდეგი აქცია 16 თებერვალს არის დაგეგმილი.
საპენსიო სისტემის რეფორმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. რეფორმის ძირითადი დებულებები ჩამოთვალა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა. იგეგმება საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდა, ხოლო საპენსიო ფონდში თანამშრომელთა შენატანების მინიმალური ვადა 43 წლამდე გაიზრდება. ამასთან, მინიმალური პენსიის ოდენობა თვეში 1200 ევრომდე გაიზრდება, ირწმუნება მთავრობა.
ბორნის თქმით, რეფორმის მიზანია საფრანგეთის საპენსიო ფონდში დეფიციტის თავიდან აცილება, რამაც 2030 წლისთვის შეიძლება 20 მილიარდ ევროს მიაღწიოს. პროფკავშირები, მემარჯვენე პოპულისტური ნაციონალური პარტია და მემარცხენე პოლიტიკოსები მთავრობის გეგმებს ზედმეტად რადიკალურად მიიჩნევენ. პროფკავშირის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ რეფორმა ყველა მშრომელ ფრანგს დააზარალებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამუშაო ძალაში ადრე შედის და რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოზე დაბალია.
თუ საპენსიო რეფორმა პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, პრემიერ-მინისტრს შეუძლია გამოიყენოს კონსტიტუციის 49.3 პუნქტი, რათა კანონის მიღება კენჭისყრის გარეშე დაუშვას.