ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 7 კი დაშავდა. ინფორმაციას სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
"განახლებული ცნობებით, მტერმა ოდესისკენ კალიბრის ტიპის 4 რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემიდან გაუშვა.
საჰაერო თავდასხმისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ქალაქის ცენტრში არსებული ბიზნეს ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები“ - აცხადებს სამხრეთის სარდლობა.
ოკუპანტების რაკეტა მოხვდა ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობს. შედეგად 1 000 კვ.მ-ის ტერიტორია განადგურდა და ხანძარი 400 კვ.მ-ზე გავრცელდა.
საწყობში მყოფი 3 თანამშრომელი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, შესაძლოა, ნანგრევებში სხვა ადამიანებიც მოჰყვნენ. ამჟამად ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს.