დღეს, ლონდონში, ანტიიმიგრაციული და ანტიისლამური პოზიციებით ცნობილი ულტრამემარჯვენე აქტივისტ ტომი რობინსონის მოწოდებით გამართულ დემონსტრაციაზე, პოლიციის ცნობით, 110 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტთა მრავალფეროვანი მოთხოვნები ფოკუსირებული იყო როგორც გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერზე, რომელსაც გადადგომას სთხოვენ. თუმცა, წინა პლანზე კვლავ არალეგალური იმიგრაცია იყო. 

„მე რასისტი არ ვარ, მე უბრალოდ ვაკვირდები დემოგრაფიულ ცვლილებას“, - ამბობს 28 წლის რიჩი, რომელიც მიგრანტების უკანონო ჩასვლას დიდ ბრიტანეთში „შეჭრას“ უწოდებს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ, ნამდვილად ძალიან შეშფოთებული“, - თქვა კიდევ ერთმა მომიტინგემ, პენსიაზე გასულმა მცხობელმა ფილიპ დოჯმა. „ხალხს აპატიმრებენ იმის გამო, რომ გაბედეს იმიგრაციაზე ან გენდერულ საკითხებზე საუბარი. არასდროს მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ამას ვნახავდი“.

ინგლისური და ბრიტანული დროშების ფონზე, მომიტინგეებმა პალესტინის დროშის ჩამოგდების სცენა მოაწყვეს.მიტინგზე მაზობელი ქვეყნებიდან ჩასული ულტრამემარჯვენეებიც იმყოფებიან და მათ შორის არიან ფრანგები   ერიკ ზემური და ჟან მესიჰა.

ლოზუნგით, „წინ აღუდექით რასიზმს“ მიმდინარე დემონსტრაციაში დაახლოებით 5 ათასი კაცი მონაწილეობდა.

ულტრამემარჯვენეთა მიტინგის მონაწილეებს ილონ მასკმა ვიდეოკავშირის საშუალებით მიმართა.  მისი თქმით,  დიდ ბრიტანეთს სჭირდება „პარლამენტის დაშლა“ და „მთავრობის შეცვლა“. 

ვფიქრობ, რომ „როდესაც არ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები, ეს ძალიან დიდი დროა. რაღაც უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა დავითხოვოთ პარლამენტი და ჩავატაროთ ახალი არჩევნები“ - განაცხადა მასკმა.  

 მან მიმართა იმ ადამიანებს, „რომლებიც ჩვეულებრივ არ ერთვებიან პოლიტიკაში, რომლებსაც უბრალოდ სურთ გააგრძელონ ცხოვრება. მათ ეს არ სურთ, ისინი ჩუმად არიან, უბრალოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ“ და უთხრა მათ:

„თუ ეს გაგრძელდა, თქვენზე იძალადებენ, არჩევანი არ გექნებათ. თქვენ კრიტიკულ მომენტში ხართ. აირჩევთ ძალადობას თუ არა, ძალადობა თქვენ დაგატყდებათ თავს. ან წინააღმდეგობას გაუწევთ, ან მოკვდებით - აი, ესაა სიმართლე“

მასკის თქმით, „მემარცხენეებში იმდენი ძალადობაა“,  რომ მათ    ჩარლი კირკი ამ კვირაში ცივსისხლიანად მოკლეს და მემარცხენეები ღიად ზეიმობენ ამას. მემარცხენეები მკვლელობის პარტიაა და ადიდებენ მკვლელობას“.  

მასკმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანულ საზოგადოებას „ეშინია სიტყვის თავისუფლების გამოყენების“ და განაცხადა, რომ „ბიბისი“ „მონაწილეობს ბრიტანეთის განადგურებაში“.

რობინსონმა ვიდეოკავშირი დაასრულა და შეკრებილებს მიმართა: „ჩვენ არა მხოლოდ ბრძოლაში ვართ, არამედ წინ მივდივართ სიტყვის თავისუფლების წყალობით“,  და  ილონ მასკი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, „ილონ მასკი ჩვენთვის იბრძვის“.