ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის ტექსტზე ვეტოს დადებას არ გამორიცხავს. ამ ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
ნაუსედას თქმით, ის ვეტოს დაადებს დეკლარაციის ტექსტს, თუ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები და ფორმულირებები არ დააკმაყოფილებს ლიეტუვის ინტერესებს.
"მე არავის დავპირებივარ, რომ ეტიკეტის დადგენილი წესებით მოვიქცევი. ხანდახან ეტიკეტი უნდა დაირღვეს, მაგრამ ამას სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეს," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ "ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხებზე," რადგან არის ლიეტუვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
"და თუ ზოგიერთი რამ ჩვენ უსაფრთხოების ინტერესებში არ არის, მაშინ ის ფაქტიც კი, რომ ღონისძიების ორგანიზატორები ვართ, არ გვართმევს ამ საკითხის ბევრად უფრო მკაფიოდ წამოჭრის უფლებას," - თქვა ნაუსედამ.
მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტზე შესაძლებელი იქნება უკრაინის წინაშე ისეთი ვალდებულებების შეთანხმება, რაც მას იმედი არ გაუცრუებს.