იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია შესაძლოა არ მომხდარიყო, რომ არა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
მელონის თქმით, რუსეთი რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში, მაშინ "დიდი ალბათობით ჰამასი არ განახორციელებდა" შეტევას ისრაელზე 2023 წლის ოქტომბერში, რამაც გამოიწვია ომი ღაზას სექტორში.
"საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის ასეთ სერიოზულ დარღვევას, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება მსოფლიოს სხვა რეგიონებში - ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და შემდგომ აფრიკამდე." - განმარტა მან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის აღდგენის გარეშე "კონფლიქტების აფეთქებები გამრავლდება."
ჯორჯა მელონი კიევს 24 თებერვალს ეწვია, სადაც უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების კომენტირებისას, მან ხაზი გაუსვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას.
"საყოველთაოდ გამოყენებული სიტყვის 'მშვიდობის' 'დანებებასთან' აღრევა, როგორც ამას აკეთებენ, ფარისევლური მიდგომაა, რომელსაც ჩვენ არასოდეს გავიზიარებთ," - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარების დონის შენარჩუნებას 2024 წლამდე და თანამშრომლობას თავდაცვის სხვადასხვა სექტორში.