ისრაელის მთავრობამ ეგვიპტის საზღვართან არსებულ ქალაქ რაფაჰში, ოპერაციის ჩატარების თარიღად 10 მარტი დაასახელა, თუკი ამ დრომდე "ჰამასი" მძევლებს სრულად არ გაათავისუფლებს.
"მსოფლიომ უნდა იცოდეს, "ჰამასის" ლიდერებთან ერთად, რომ თუკი რამადანამდე ჩვენი მძევლები სახლებში არ იქნებიან დაბრუნებულნი, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება ყველგან, მათ შორის რაფაჰის ტერიტორიაზეც,"- განაცხადა ბენი განცმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ისრაელის მიერ რაფაჰში შესვლას ეწინააღმდეგებიან დასავლეთშიც, რადგანაც ღაზის სექტორის ამ ნაწილში, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორები ისრაელისგან მოითხოვენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმასაც, სადაც განხილული იქნება, თუ როგორ აპირებენ ტერორისტებისა და უდანაშაულო მოქალაქეების ერთმანეთისგან გამიჯვნას.
2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, "ჰამასმა" 200-ზე მეტი ტყვე აიყვანა, საიდანაც ნაწილი გათავისუფლებული, ან გარდაცვლილია.
ხოლო საპასუხო იერიშს, რომელიც ისრაელის სამხედრო ძალებმა წამოიწყეს, დაახლოებით 30,000 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთანავე, ხაზგასასმელია ისიც, რომ 1 მილიონამდე პალესტინელი, რაფაჰის ტერიტორიაზე აფარებს თავს.
უკანასკნელი ინფორმაციით, "ჰამასს" ამ დრომდე გატაცებული ჰყავს 130 ტყვე, რომლის დაბრუნებასაც ისრაელი კატეგორიულად მოითხოვს.