ახალი დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა, სახელად „კომანდერმა“, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტები, სულ მცირე, 24-ჯერ დაკბინა.
დოკუმენტები აშშ-ის „ინფორმაციის თავისუფლების აქტის“ საფუძველზე გასაჯაროვდა და ინტერნეტში გამოქვეყნდა. ისინი, საიდუმლო სამსახურის აგენტების ვინაობისა და მათი უსაფრთხოების ტაქტიკის საიდუმლოების დაცვის მიზნით, დარედაქტირდა.
დოკუმენტების თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე, „კომანდერმა“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტები, სულ მცირე, 24-ჯერ დაკბინა მაჯაზე, წინა მხარზე, იდაყვზე, წელზე, მკერდზე, ბარძაყსა და მხრებზე. დოკუმენტებში „კომანდერთან“ დაკავშირებული ყველა [თეთრ სახლში მომუშავე სხვა თანამშრომლების ან მერილენდის შტატში, კემპ-დევიდის პერსონალის] კბენის შემთხვევა ნახსენები არ არის.
ბაიდენის ოჯახის ფავორიტმა შინაურმა ცხოველმა თეთრი სახლი 2023 წლის ოქტომბერში დატოვა, როდესაც გერმანულმა ნაგაზმა საიდუმლო სამსახურის აგენტი მძიმედ დაკბინა, რის გამოც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. „კომანდერმა“ ივლისში კიდევ ერთი აგენტი ხელზე დაკბინა, რომელსაც 6 ნაკერი დასჭირდა. ღია ღრმა ჭრილობის გამო აგენტმა დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა. ანონიმურ აგენტს კოლეგებმა საჩუქრად "ჭრილობის სამკურნალო პაკეტი" გადასცეს, რომელიც მოიცავდა ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკების მალამოს, ასევე ძაღლისგან "თავდაცვის მიზნით" - წიწაკის სპრეის, საცხვირესა და ძაღლის საკვებ ორცხობილას.
ერთ-ერთმა აგენტმა კოლეგებს რეკომენდაცია მისცა, რომ „აგენტები, რომლებიც ბაიდენს და მის ოჯახს იცავენ, კრეატიულნი უნდა იყვნენ ჩვენი პირადი უსაფრთხოების დაცვისთვისაც“.
„ძაღლის აგრესიასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა გვაიძულა, რომ ოპერატიული ტაქტიკა შეგვეცვალა. როდესაც „კომანდერი“ თქვენს სიახლოვეს იმყოფება - გთხოვთ, დაუთმეთ მას დიდი სივრცე, თუ ეს შესაძლებელია,“ - წერს საიდუმლო სამსახურის აგენტი ანონიმურობის პრინციპის დაცვით.