ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, ჩვენ პასუხს გაგცემთ.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. აშშ არ მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას კონფლიქტისკენ. თუმცა ყველამ, ვინც შეიძლება, ცდილობდეს ზიანი მოგვაყენოს, უნდა იცოდეს: თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, ჩვენ პასუხს გაგცემთ “, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო იორდანიაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას და მათი ოჯახების წევრებს ესაუბრა.
იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 თებერვალს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.