ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ პირთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ დღეს ხუთი პირის აღვეთის ღონისძებაზე იმსჯელა, მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, სამი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.

დარბაზში მყოფმა ორივე ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა და მზადყოფნას გამოთქვა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

საქმეზე ბრალდებული კიდევ ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული, ექვსი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად , ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

პროკურატურის ვერსიით, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

გამოძიების ცნობითვე, აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ.

გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება- გასაღების მუხლებით. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.