საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა.
სამდღიანი სწავლების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სტანდარტები ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ოჯახური დანაშაულის არსი, სისხლის სამართლის პოლიტიკა, დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა.
სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს - მსხვერპლის და მოძალადის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის თავისებურებებს და ეთიკურ პრინციპებს; ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომას და ასერტულობის განვითარებას, კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს.
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოს პროკურატურას დამატებით 23 სპეციალიზებული პროკურორი და 6 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.
პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და განგრძობადი პროფესიული განათლება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.









