პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.
17 იანვარს აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები".
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა კონგრესის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის უზრუნველყოფა საჭირო რესურსებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და არტილერიით.
პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, კონგრესის უმოქმედობა საშიშია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, ნატოსა და დანარჩენი თავისუფალი სამყაროსთვის. ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხი და ამით აჩვენოს აშშ-ის სიმტკიცე.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საზღვარზე პრობლემის მოსაგვარებლად მოქმედების და დამატებითი რესურსების გამოყოფის მნიშვნელობასაც და თქვა, რომ იმედის მომცემია სენატში მიმდინარე ორპარტიული მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესი.