აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების მრავალმილიარდიან პაკეტს არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ.
„თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ”, - აღნიშნა ბაიდენმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.
კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.