ამის შესახებ ინფორმაციას „სი ენ ენი " ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების მიზნით ორდერის მოთხოვნის შესახებ და მას "აღმაშფოთებელი" უწოდა.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: არ აქვს მნიშვნელობა რას გულისხმობს ეს პროკურორი, ისრაელსა და ჰამასს შორის არ არსებობს ეკვივალენტურობა - არანაირი. ჩვენ ყოველთვის ისრაელის გვერდით ვიქნებით, როცა საქმე შეეხება მის უსაფრთხოებას", - ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პროკურორის მიერ ისრაელის და „ჰამასის" ერთ სიბრტყეში განხილვა „სამარცხვინოა".
„ჰამასი არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და დღემდე ჰყავს მძევლად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები", - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო და ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.
ეს და სხვა გარემოებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ გამოძიების ლეგიტიმურობას და სანდოობას და საბოლოო ჯამში ყოველივე ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს, მძევლების გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.
პროკურორის გადაწყვეტილებას უსარგებლო უწოდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა. მისი თქმით, ასეთი ქმედება არ დაეხმარება საომარი მოქმედებების შეჩერებას, მძევლების მოცილებას ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
კითხვაზე, დააკავებს თუ არა პოლიცია ნეთანიაჰუს, თუ ის ბრიტანეთში ჩავიდოდა, სუნაკმა თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმაზე, რაც „ჰიპოთეტურია".
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პროკურორის გადაწყვეტილებას უწოდა „საშინელი და სრულიად მიუღებელი" უწოდა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჰამასი" იყო ის, ვინც თავს დაესხა ისრაელს ოქტომბერში და მოკლა, დაჭრა და გაიტაცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი“, - წერს ის X-ზე.
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამასთან მან აღნიშნა,ის ფაქტი, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" გაცხადებული მიზანია ისრაელის სახელმწიფოს გაქრობა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ „არ არსებობს მიზეზი, რის გამოც სასამართლომ გამოიძიოს ისრაელის ქმედება, რადგან ის არ არის რომის სტატუტის მხარე და ისრაელს აქვს სრულად ფუნქციონალური სასამართლო სისტემა“.
რესპუბლიკელმა სენმა ლინდსი გრეჰემმა X-ზე დაწერა, რომ „აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება ნამდვილად არის სილის გაწვნა ისრაელის ცნობილი დამოუკიდებელი სასამართლოსადმი". მან პირობა დადო, რომ კოლეგებთან ერთად იმუშავებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწესებაზე.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაჯა ლაჰბიბმა X-ზე დაწერა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას.
„ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულები უნდა დაისაჯოს უმაღლეს დონეზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი“, „დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა, სადაც არ უნდა მოხდეს დანაშაული, ბელგიისთვის პრიორიტეტულია" - წერს ჰაჯა ლაჰბიბი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივი ვცეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას" - წერს X-ზე ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაიკლ მარტინი.