საუდის არაბეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ აჩვენა მზარდი უთანხმოება ჩინეთსა და რუსეთს შორის, - აცხადებენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.
ისინი მიუთითებენ Financial Times-ის მასალაზე, რომელიც ციტირებს მოლაპარაკებების მონაწილე ევროპელ დიპლომატს: „აქ ჩინეთის უბრალო ყოფნაც კი აჩვენებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებული ხდება“.
როგორც იტყობინებიან, ჩინეთის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა მსგავს ფორმატებში, სადაც რუსეთი სავარაუდოდ, მიწვეული არ იქნება.
ISW-ის ცნობით, რუსული დამოუკიდებელი წყარო ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაციამ უარყო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, შესაბამისად, პეკინის წარმომადგენლები "ფარულად გამოხატავენ უკმაყოფილებას რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებით უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით".
ექსპერტები ასკვნიან, რომ საუდის არაბეთის მოლაპარაკებების შესახებ ცნობები და წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, თუ ეს სიმართლეა, შეესაბამება ISW-ის წინა შეფასებებს:– ჩინეთი სრულად არ ეთანხმება რუსეთს უკრაინის საკითხში და მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობა არ არის „უსაზღვრო პარტნიორობა“, როგორც ეს კრემლი სურს.
5-6 აგვისტოს ქალაქ ჯიდაში გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. შეხვედრას 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის ლი ჰუის მონაწილეობა ჯიდაში გამართულ შეხვედრაში "ისტორიული გამარჯვება" უწოდა.