„საქართველოს ბაზარზე Norwegian-ის და ზოგადად მსგავსი ტიპის ავიაკომპანიების შემოსვლა მიმართულია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობისკენ“, - ასე გამოეხმაურა კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Norwegian-ის შემოსვლას - პირველ ფრენას საქართველოსა და დანიის დედაქალაქებს შორის ავიაკომპანია 2026 წლის ივნისის ბოლოს გეგმავს. 

როგორც დოლიძე აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების და ზოგადად ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნის კუთხით ბუმი იყო. „Norwegian-ის შემოსვლა არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოს შეუძლია მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და მით უმეტეს, რომ ახლა პირდაპირი რეისები გვემატება დანიის დედაქალაქიდან. ჩვენთან ყოველთვის იყო სკანდინავიური ქვეყნებიდან დიდი მოთხოვნა და ახლა პირდაპირი ფრენების დანიშვნით ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც საქართველოში ჩამოსვლა კიდევ უფრო მარტივად მოხდება,“ - თქვა კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა. 
როგორც გიორგი დოლიძემ განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტები უფრო დაინტერესებულები არიან სამთო და კულტურის ტურიზმით. „ამ ეტაპისთვის ჩვენ - სასტუმროები, ტურისტული კომპანიები - კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით სკანდინავიური ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე, რაც გამოიხატება ამ ქვეყნებში ვიზიტებით, პრეზენტაციებით, შეხვედრებით და მოლაპარაკებების გაღრმავებით“, - განაცხადა HSC Group Hospitality-ს დირექტორმა, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის Glarros OldTown-ს, Holiday Inn Resort-ს, BlueSky Towers-ს, Home2Suites by Hilton-ს და სხვას.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ევროპული ავიაკომპანია Norwegian იწყებს, რომელიც კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.