"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები ჩონგარის და გენიჩესკის ხიდებზე, რომლებიც ანექსირებულ ყირიმს უკრაინის კონტინენტთან აკავშირებს, უკრაინის უფრო ფართო კონტრშეტევითი სტრატეგიის ნაწილია.
ISW–ს ანალიტიკოსების განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ორი საკვანძო საგზაო მონაკვეთი იყო, რომელსაც რუსეთი იყენებს. დარტყმების შედეგად რუსული ძალები აიძულეს, სატრანსპორტო საშუალებები მოკლე აღმოსავლეთის მარშრუტებიდან უფრო გრძელი დასავლეთის მარშრუტისკენ გადაეტანათ.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა გენიჩესკის ხიდზე 12 რაკეტა გაისროლეს და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სავარაუდოდ, ცხრა მათგანი მოიგერიეს.
რუსეთის მიერ „ყირიმის ხელმძღვანელად“ დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩონგარის ხიდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს.
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ექსპერტები წერენ, რომ უკრაინული დარტყმები ხიდებზე უკრაინული კამპანიის ნაწილია, რომელიც მომავალი კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
ორი ხიდის დაზიანების შემდეგ ხერსონის რეგიონიდან ყირიმში შესვლა კვლავ შესაძლებელია კიდევ ორი სასაზღვრო გადასასვლელით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ჩონგარის და გენიჩესკის საავტომობილო ხიდებზე დარტყმა 6 აგვისტოს დაადასტურა.