ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს დღეებში მთავრობას წარუდგენს გეგმას, რომელიც ღაზის სექტორის ანექსიას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ისრაელის გამოცემა „ჰაარეცი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, ისრაელი აცხადებს, რომ აძლევს „ჰამასს“ რამდენიმე დღეს, რათა დათანხმდეს ზავს, ხოლო უარის შემთხვევაში დაიწყება ღაზის სექტორის ანექსია. წყაროების ცნობით, ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ე.წ. ბუფერული ზონების, შემდეგ კი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილების ანექსირება.
გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს ცნობით, ამ გეგმას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ.
როგორც „ჰაარეცი“ აღნიშნავს, მანამდე ნეთანიაჰუს ღაზის სექტორის ანექსიის საკითხისადმი განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუჩენია, თუმცა ახლა ის მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რათა სამთავრობო კოალიციის დაშლა აიცილოს თავიდან.
როგორც ცნობილი ხდება, ისრაელის მთავრობის შემადგენლობაში შემავალი მემარჯვენე-რადიკალური ფრთა უკმაყოფილოა ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ისრაელი ამჟამად ძლიერი საერთაშორისო წნეხის ქვეშაა მოქცეული, რადგან ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, ღაზის სექტორში მასობრივი შიმშილია.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ისრაელის ხელისუფლებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვაში ადანაშაულებენ. ნეთანიაჰუ ამ ბრალდებას უარყოფს დაამტკიცებს, რომ ისრაელი აგზავნის საკმარის დახმარებას ღაზის სექტორში, მაგრამ მას ჰამასი იპარავს.
თარგმანი: პირველი არხი