რუსეთის მხრიდან ჩვენი თვითმფრინავის ჩამოგდებამ აზერბაიჯანში გაღიზიანება გამოიწვია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებამ და ამაზე რუსი მაღალჩინოსნების რეაქციამ აზერბაიჯანში ძალზე დიდი გაღიზიანება და იმედგაცრუება გამოიწვია. პირველ რიგში, ეს საერთოდ არც უნდა მომხდარიყო, რადგან როცა რუსულ აეროპორტებზე დრონებით თავდასხმა ხდება, ისინი განსაკუთრებულ რეჟიმს აცხადებენ. რუსულად ამას ковёр-ს ეძახიან და ყველა თვითმფრინავი იღებს სიგნალს, რომ დრონებით თავდასხმაა და უკან ბრუნდებიან.

ავიაკატასტროფამდე ორი კვირით ადრე მსგავსი რამ დაემართა ჩვენს თვითმფრინავს, რომელიც იმავე რუსული ქალაქისკენ მიფრინავდა და სიგნალი მიიღო, რის გამოც უკან გაბრუნდა. მეორეჯერ მათ მსგავსი სიგნალი არ გაუგზავნიათ. სიგნალი მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნეს, როცა თვითმფრინავი უკვე ჩამოგდებული იყო. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ გამომძიებლები შეცდომაში შეეყვანათ. ორჯერ ესროლეს მას [თვითმფრინავს]. მხოლოდ პილოტების პროფესიონალიზმისა და გამბედაობით გახდა შესაძლებელი თვითმფრინავის დაშვება და, საბედნიეროდ, ის ყაზახეთში დაეშვა და არა - რუსეთში", - განაცხადა ალიევმა.