ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში პრესისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიესალმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გააუქმოს1992 წელს კონგრესის მიერ „თავისუფლების მხარდამჭერს აქტში" შეტანილი 907-ე შესწორება, რომლითაც  აზერბაიჯანთან თანამშრომლობის კუთხით შეზღუდვები იყო დაწესებული და განაცხადა, რომ  რამდენიმე თვეში მომზადდება ბაქოსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.

907-ე შესწორების გაუქმება - აზერბაიჯანისთვის ისტორიული მიღწევაა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მზად იქნება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. 

„ჩვენი მიღწევები და პოტენციალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან წინა პერიოდში პრაქტიკულად გაყინული იყო. ამიტომ, ახლა დროის დაკარგვა არ შეგვიძლია“, - ხაზგასმით აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, დღეს აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ახალი გვერდი იხსნება - თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გვერდი.

„რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებთან ამ დონეზე ურთიერთობების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან გულწრფელი იყო. ის მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ასევე შეიქმნა სტრატეგიული სამუშაო ჯგუფი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოსამზადებლად. ეს დოკუმენტი დიდი მნიშვნელობისაა. აქ ასევე მკაფიოდ იყო გამოკვეთილი მომავალი თანამშრომლობის სფეროები.

ესენია ურთიერთინვესტირება, ენერგეტიკა, უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, თავდაცვის მრეწველობა და სხვა საკითხები. ამ სფეროების ჩამოთვლა აჩვენებს, თუ რა დიდი შესაძლებლობები იხსნება ჩვენი ქვეყნებისთვის. შემადგენლობა, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანულ მხარეს, უკვე განსაზღვრულია. ჩემი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა წამყვან ამერიკულ კომპანიებთან. არ გვინდა დროის დაკარგვა.

მე უკვე მივიჩნევ წინა ადმინისტრაციის ოთხ წელს დაკარგულად. ბაიდენის დროს აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობები აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების მძევალი გახდა. ახლა აღარ შეგვიძლია დროის დაკარგვა. ეს ვიზიტი დიდი მნიშვნელობისაა. ეს ჩემი პირველი შეხვედრაა პრეზიდენტ ტრამპთან. გულწრფელად რომ ვთქვა, აზერბაიჯანის შესახებ მისმა ცოდნამ გამაკვირვა.

მას ბევრი რამის ღრმა გაგება აქვს საკითხებთან დაკავშირებით, ბატონი ტრამპი კარგად აცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას, მის გეოპოლიტიკურ როლს და იმ ფაქტს, რომ ის ყოველთვის იყო შეერთებული შტატების მეგობარი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პირადი კონტაქტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენს ურთიერთობებში. 907-ე მუხლის გაუქმება ისტორიული მოვლენაა. ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი, ასევე ისტორიული მოვლენაა. ძალიან კმაყოფილი ვარ ვიზიტის შედეგებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგები უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

პრეზიდენტი ტრამპისა და მისი გუნდის, ჩვენი ახლო მეგობრის, ბატონი ვიტკოფის   გარეშე, სომხეთი და აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, კვლავ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში იქნებოდნენ ჩარჩენილები“, - ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიული.

„დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რაც დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, კედლებს დაანგრევს, შექმნის შესაძლებლობებს მრავალი ქვეყნის გაერთიანებისთვის, უზრუნველყოფს ინვესტიციებს, კეთილდღეობას და სტაბილურობას არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი „ტრამპის გზისთვისაც““, - დასძინა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.