ჰამასმა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 8 პირი გადასცა, მათგან 3 ისრაელის, ხოლო 5 ტაილანდის მოქალაქეა.
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ჰამასმა უკვე 15 ტყვე გადასცა ისრაელს. სანაცვლოდ, ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.