სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, ვაზის სხვლა-ფორმირების თეორიულ პრინციპებზე, გასხვლის ჩატარების წესებსა  და ვადებზე ორდღიანი ტრეინინგი გაიმართა.

ტრენინგს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯამჯურიძე,  ცენტრის მევენახე სპეციალისტები თეკლე ზაკალაშვილი და ჯაბა აბაიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის ფარგლებში, მევენახე-მეღვინე ფერმერებმა, ექსტენციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა თეორიული და პრაქტიკული მიმართულების ცოდნა და რჩევები  მიიღეს ვენახის გაშენების, სხვლა-ფორმირების, მერქნის ძირითადი დაავადებების, აგროტექნოლოგიური, ფიტოსანიტარიული და სხვა  მათთვის საინტერესო  საკითხებზე.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  საცდელ-სადემონსტრაციო  ბაზებზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, რეგულარულად ტარდება  თეორიული და პრაქტიკული ხასიათის თემატური    სემინარ-ტრენინგები, სადემონსტრაციო დღეები. ასეთი ღონისძიებები ფერმერების, ასევე სხვა  დაინტერესებულ პირთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების ცოდნის გაღრმავებას ემსახურება და  მათ  პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან უჯამჯურიძემ.

ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ვენახის  ნაკვეთში გადაინაცვლეს, ვაზის სხვადასხვა ფორმების  სხვლის პროცესში ჩაერთვნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.