საუბარი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ხალხის ხმა არ ისმის, არასწორია, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ჩვენთან მაყურებელი არის პოლარიზებული და პოლიტიზებული. ვინც პოლარიზებული, პოლიტიზებულია და ხელისუფლების მომხრეა, უყურებს „იმედს“. მე ვუსმინე რუხაძეს და ძალიან მომეწონა, მან რომ ღიად თქვა, დიახ, მე ეს პოზიცია მიკავიაო. ვისაც ეს პოზიცია გამოკვეთილად უკავია, ეს არის ძირითადი მაყურებელი და „იმედი“ არის ყველაზე რეიტინგული. აი, პირდაპირ სახელებს დავარქმევ. ოპოზიციურად რომ არიან ადამიანები განწყობილი, მკვეთრად რომ არიან და მიდის ბრძოლა, დუღილი, „ფეისბუქში“ გამიშვი-გამატარე და მთელი ამბავი, ისინი ოპოზიციურ არხებს უყურებენ. ესეც ასეა. აქ მათ მოთხოვნილებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აკმაყოფილებს. არც ერთს არ აკმაყოფილებს. იმიტომ, რომ ერთზე გამოკვეთილად არის, რომ ეს არის სიმართლე, ეს არიან სწორი ადამიანები, მაქსიმალურად არის იგნორირებული მეორე მხარე და თავისი სიმართლე აქვს. მეორეს კი თავისი სიმართლე აქვს და ეს იგნორირებულია. აქ რომ ორივეა, არ აკმაყოფილებთ. აქციის მონაწილეები აქ მოდიან. მეორე ნაწილი არ მოდის, თორემ ამ მეორე ნაწილმა რომ დაინახოს საფრთხე, პირობითად ვამბობ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მართლა მართმევენო, მერე ნახეთ თქვენ მოსვლა, აქცია და ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება. სათავე ის არის, რომ არ უნდათ მეორე მხარე, უნდათ, რომ ისეთივე გახდეს. არ ვთქვათ, რომ ყველა ბოროტია. ვიღაცას ამ არხზე დასაქმება უნდა და შეიძლება რაღაც მერკანტილურია. დიდი ნაწილი იბრძვის თავისი სიმართლისთვის და გამოდის, შენ ხელს უშლი. იმიტომ, რომ ასე უნდათ – არ მინდა ყველას მოსმენა, მარტო ჩემი აზრია სწორი. რომ ამბობენ, ხალხის ხმა არ ისმისო, ტელევიზიის პოლიტიკურ გადაცემებში, ძირითადად, მოდიან პოლიტიკოსები და რაღაც ინტერესთა ჯგუფები, სხვა საშუალება ტელევიზიას არ აქვს. ადამიანები მოდიან და ამბობენ, მე არასდროს გამოვსულვარ ტელევიზორში. ჩვენ 3 700 000 კაცი ვართ და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, თუ რაღაცნაირად არ არის ეს აქტიურობა და რაღაც ჯგუფს არ გამოხატავს, რთულია, ეთერში მოიყვანო, რა პრინციპითაც იწვევ. ამიტომ, ხალხის ხმა არ ისმის, ეს არასწორია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საუბარი მიდის იმაზე, გვინდა მრავალპოლარული აზროვნება და აზრი, თუ გვინდა მონოაზროვნება.

„მთელი ეს ამბავი რატომ არის დაწყებული? ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. აქციები არის, გადაინაცვლებს, გადმოინაცვლებს. გასაგებია, რომ ბერძენიშვილი და მე უნდა გადავდგეთ, მაგრამ ძირითადი ხომ ეს არის – არჩევნები გაყალბდა. აგერ, თვალწინ რასაც გვასმენინებენ და ყოველდღე გვასმენინებენ, მგონი, თქვენც ისმენთ. ვისაც გაუყალბეს, იმ პოლიტიკოსებს, მათი მოთხოვნაა, ესენი ნუ მოგყავთ ეთერშიო. ნახეთ, როგორი ჩაკეტილი წრეა. პოლიტიკურ გადაცემაში არჩევნები გაყალბდაო, ამაზე უნდა ისაუბრონ არაპოლიტიკოსებმა, პოლიტიკოსების დანახვა არ გვინდაო, გვეუბნებიან და უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, ხალხის ხმამ უნდა ისაუბროს, როგორ გაყალბდა, როგორ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ხომ ამაზეა საბოლოოდ? დღეს რას ითხოვენ, რომ ვისმენთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ხომ ეს არის? ეს არის ჩაკეტილი წრე და სად მიდის, იცით? ჩვენ გვინდა მრავალპოლარული აზროვნება და აზრი, თუ გვინდა მონოაზროვნება. ამაზე მიდის ლაპარაკი და ამაში გაიჭყლიტება საზოგადოებრივი მაუწყებელი ორივე მხრიდან. აი, ეს არის მთელი ამბავი. მე ასე ვუყურებ ამას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.