ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები ხორციელდება.
ამ დროისთვის, ფერდზე ანკერების მოსაწყობად მოსამზადებელი, მიწის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხდება ფერდის ჩამოწმენდა ზედმეტი გრუნტისგან.
მიმდინარე პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„წყნეთის გზატკეცილზე კონკრეტული სივრცის დამუშავება მიმდინარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია. ფერდის გარკვეული ნაწილი დაძრული იყო და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების შესრულება დავიწყეთ. რამდენიმე წლის წინ სამუშაოების პირველი ეტაპი ჩავატარეთ, რა დროსაც აღნიშნული ფერდის დაანკერება მოხდა და შესაბამისი კედელი მოეწყო. მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველ რიგში, ფერდის ჩამოწმენდა და შემსუბუქება. შემდეგ მოხდება მისი დატერასება და ბოლოს 22-მეტრიანი, 930 ანკერი მოეწყობა. საბოლოოდ, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი უსაფრთხო იქნება. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.
სამუშაოებს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარით ფინანსდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდნენ.