ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  აქციების დროს დაკავებული პირების ბანერები გამოფინეს.  დაგმეს ძალადობა და უმრავლესობის წევრებს სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციის პერფორმანსმა  უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია  და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ  ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„უკანონო ხელისუფლება ჯერ კიდევ  ქვეყნის სათავეშია და ტყვეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან , ქალბატონი მზია, რომელიც შიმშილობს მერამდენე დღეა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ამათთვის სასაცილო გახდნენ, ეს იყო აუტანელი და პროტესტის ნიშნად ამიტომ დავტოვეთ ჩვენ საკრებულოს სხდომა. საკრებულოს სხდომებზე მუხლებში ცვლილებების შეტანის მეტი სხვა საქმე არა აქვთ.ქვეყანა და ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ .ჩვენ არ გვინდა ერთი კაცის ქვეყანა იყოს საქართველო , ჩვენ გვინდა ხალხის იყოს. ჩვენ მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანის თავისუფლებას,“- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა  დარეჯან ცხვიტარიამ. 

,,ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.

„დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი გადაწყდა დადებითად . რაც შეეხება „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს  ისინი „შულავერის“  მოღალატეობრივი კომიტეტის წევრები არ დაესწრნენ საკრებულოს სხდომას , სხდომის დაწყებამდე გამოჩნდნენ ჰორიზონტზე , ხელფასების აღების მიზნით ხელი მოაწერეს დასწრების ტაბელს და მალევე გაუჩინარდნენ.მინდა კომენტარი გავაკეთო მათ ახალადშობილი, მარტივ მამრავლებად დაყოფილ ახალ დანაყოფზე, რომელმაც სცადა საკრებულოს საქმიანობაში შემოეტანა ხმაური, მათი ხმაური უშედეგო აღმოჩნდა, მიბაძეს თავიანთ პირველყოფილ პარტიას და  დატოვეს საკრებულოს სხდომათა დარბაზი,“- განაცხადა  ფრაქცია              „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაალ კვინჩიამ.