სახალხო დამცველის განცხადება მზია ამაღლობელის საქმეზე
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს.
დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი.
სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.
ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).
გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონიტორინგს მზია ამაღლობელის უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდება მასთან ვიზიტები და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში." - ნათქვამია სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის გავრცელებულ განცხადებაში,
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.