ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათში ღაზას სექტორის დაბომბვისას დაჯგუფების მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი 13 ადამიანი დაიღუპა.
მისი ცნობით, მძევლები, „მათ შორის, უცხოელები“, ხუთ სხვადასხვა ადგილზე დაიღუპნენ.
7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
გაეროს ცნობით, 13 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოსახლეობას მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში.
გაეროს მიერ 13 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი სახლები უკვე 423 378-მა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 13 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.