გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს თავის ოფიციალურ საპარლამენტო გამოსვლაში განაცხადა, რომ ხელისუფლება გერმანიაში აკრძალავს რადიკალურ ჯგუფ "ჰამასის", ასევე პროპალესტინური ასოციაციის "სამიდუნის" მხარდამჭერ საქმიანობას. ადრე ამ ორგანიზაციის წევრებმა გერმანიის საზოგადოებრივ ადგილებში ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის აღსანიშნავად ზეიმი გამართეს.
შოლცმა ბუნდესტაგს განუცხადა, რომ ვინც მხარს უჭერს ან განადიდებს "ჰამასს" გერმანიაში, ეთანხმება მკვლელობებს და მოუწოდებს დანაშაულებრივი ქმედებებისკენ, ან დაწვავს ისრაელის დროშებს, დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პასუხს აგებინებენ ყველას, ვინც მსგავს დანაშაულს ჩაიდენს და მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ „კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას".
კონსტიტუციის დაცვის ოფისის ცნობით, გერმანიაში ქვეყნის 450-მდე მოქალაქე ახორციელებს "ჰამასის" სასარგებლო საქმიანობას. ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ამ ორგანიზაციის ოფიციალური ფილიალი გერმანიაში არ არსებობს. ყველა ასოციაცია, რომელიც ადრე იყო მასთან დაკავშირებული, რამდენიმე წლის წინ აიკრძალა.
"ჰამასის" საქმიანობის და მხარდაჭერის აკრძალვა არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს, – აღნიშნა შოლცმა.
როგორც განიმარტა, „საქმიანობის აკრძალვა“ ნიშნავს გერმანიაში ამ ორგანიზაციის ყველა შეხვედრისა და საჯარო ღონისძიების აკრძალვას. მისი სიმბოლოების გამოყენება სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.
შოლცმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს ისრაელს. „ისრაელის უსაფრთხოება გერმანული სახელმწიფო პრინციპია“, - განაცხადა კანცლერმა. მისი თქმით, ჰოლოკოსტის ისტორია გერმანიას აკისრებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ისრაელს მისი უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.
გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე "ჰამასი" ვერ შეძლებდა ისრაელის ტერიტორიაზე „უპრეცედენტო თავდასხმების" განხორციელებას. თუმცა, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიას ჯერ არ აქვს „აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ირანი კონკრეტულად და ოპერატიულად უჭერდა მხარს "ჰამასს“.