ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 3000-ს აღწევს.
მათივე განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე მოკლულია 1500 პალესტინელი ტერორისტი.
გარდა ამისა, "ჰამასის" ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბერს, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ 1537 პალესტინელი, ხოლო დაშავდა 6612 მათგანი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
სარაკეტო იერიშის პარალელურად, "ჰამასის" მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს და ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.
ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს.