საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს მოუსმენეს.
კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ.
ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
„ჩემს უსაყვარლეს სამშობლოს, ისრაელს უმძიმესი დღეები აქვს. „ჰამასის“ ტერორისტებმა მოკლეს 1300-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. „ჰამასი“ არის სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, მათ ამოძრავებთ სიძულვილი, მათი სურვილია გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები და სრაელის სახელმწიფო“, - განაცხადა ჰადას მეიცადმა.
მისივე თქმით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ეს თავდასხმა მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რისაც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა.
„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა თავისი ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის და სახელმწიფოსადმი. თბილისში, ბათუმში, ბევრი შენობა ისრაელის დროშის ფერებში განათდა. ვაფასებთ საქართველოს სოლიდარობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელისუფლების განაცხადი და მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ასევე მოვისმინეთ რიგითი მოქალაქეების მხარდამჭერი განცხადებები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ჩვენი მოქალაქეების, ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.
მოხსენების დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.