გერმანული მედიის თანახმად, გერმანიის მთავრობამ ნებართვა გასცა, უკრაინას 88 ცალი LEOPARD 1-ის ტიპის ტანკი გადაეცეს. გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, მთავრობამ იარაღის მწარმოებელ კომპანია Rheinmetall-ს უფლება მისცა, უკრაინელებს 100 მილიონი ევროს ღირებულების ტანკები გადასცენ.

უკრაინელებისთვის გადასაცემ LEOPARD-ებს ჯერ შეკეთება სჭირდება.

გასულ კვირას გერმანიამ უკრაინისთვის ევროპულ კოალიციასთან ერთად 80 LEOPARD 2-ის გადაცემის შესახებ გამოაცხადა, აქედან 14 უკრაინელებს უშუალოდ გერმანული მარაგებიდან მიეწოდებათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი, დეკემბერში ამბობდა, რომ მტრის დასამარცხებლად უკრაინას 300 ტანკი სჭირდება.

ევროპელების გარდა, უკრაინელებს ტანკებს აშშ-ც გადასცემს, საიდანაც კიევი ABRAMS-ის ტიპის 31 ტანკს მიიღებს.

თავის მხრივ, ბრიტანეთი უკრაინას CHALENGER 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას დაჰპირდა.