1 აპრილიდან ყაზახეთში ამოქმედდება სისტემა, რომელიც აკონტროლებს საქონლის გადაადგილების მთელ ჯაჭვს საზღვრიდან საზღვრამდე რეალურ დროში, რათა შეზღუდოს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. ამის შესახებ Financial Times მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"ჩვენ გვესმის მეორადი სანქციების ყველა რისკი, ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს ორმხრივ ვაჭრობას ყველა პარტნიორთან", - განუცხადა წყარომ FT-ს და აღნიშნა, რომ ქვეყანა "მუდმივად მუშაობს რეექსპორტის რისკების შესამცირებლად."
ასეთი თვალთვალის სისტემის გაშვების შესახებ ინფორმაცია პირველად Eurasianet-მა გაავრცელა.
"ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აწესებს არანაირ სანქციებსა და შეზღუდვებს რუსეთთან ვაჭრობაზე. თუმცა, ის არ დაუშვებს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლას და არ გახდება გვერდის ავლის პლატფორმა", - განაცხადა წყარომ.
უკრაინაში შეჭრისთვის მასშტაბური სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა დასავლური საქონლის ე.წ. "პარალელური იმპორტი" დაიწყო, მათ შორის ყაზახეთის გავლით.
ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა. მაგალითად, რუსეთში ექსპორტირებული სარეცხი მანქანების რაოდენობა 2021 წელს ნულიდან 2022 წელს თითქმის 100 000-მდე გაიზარდა.
ყაზახეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ექსპორტის მოცულობის ზრდა ენერგორესურსების ფასების ზრდამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია. გარდა ამისა, ბევრი საქონელი, რომელიც რუსეთში რეექსპორტისთვის ჩადის, მოდის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი, რომლებსაც არ დაუწესებიათ არანაირი შეზღუდვა რუსეთთან ვაჭრობაზე.