თურქეთის მთავრობა ამერიკულ კომპანია ExxonMobil-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის მრავალმილიარდიანი შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ანკარა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
ბაირაქტარმა თქვა, რომ თურქეთი აპირებს შექმნას "მიწოდების ახალი პორტფელი," რომელიც აღმოფხვრის ერთ კონკრეტულ პარტნიორზე დამოკიდებულებას.
როგორც FT აღნიშნავს, მოლაპარაკება შესაძლებელი ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე გახდა: თურქულმა მხარემ დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, ხოლო ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, დაამტკიცა F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების 23 მილიარდ დოლარად გაყიდვა.
გარდა ამისა, თურქეთს სურს პოზიციონირდეს, როგორც რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი.
ბაირაქტარის თქმით, საუბარია წელიწადში 2.5 მილიონი ტონა თხევადი გაზის მიწოდებაზე, ხოლო ExxonMobil-თან ხელშეკრულება შეიძლება 10 წლით გაფორმდეს. ამ შეთანხმების ოფიციალური ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი, რადგან კომერციული დეტალები ჯერ კიდევ განიხილება.
სააგენტო Argus-ის შეფასებით, თურქეთისთვის მიწოდებული 2.5 მილიონი ტონა თხევადი გაზი ამჟამად დაახლოებით 1.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გამოცემის გათვლებით, ეს მოცულობა საკმარისი იქნება ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარების 7%-ის დასაფარად.
გასულ წელს თურქეთმა 5 მილიონი ტონა თხევადი გაზი შეისყიდა შეერთებული შტატებიდან.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ასევე ბუნებრივი აირის სხვა ამერიკულ მწარმოებლებს მიმართა თხევადი გაზის შესყიდვის მიზნით. ბაირაქტარმა განმარტა, რომ ანკარა ცდილობს ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას მანამ, სანამ 2025 წელს რუსეთთან გრძელვადიანი კონტრაქტები ამოიწურება, ხოლო ირანთან - 2026 წელს.
ანკარამ გრძელვადიანი ხელშეკრულება თხევადი გაზის შესყიდვაზე ალჟირთან და ომანთანაც გააფორმა.
Financial Times ხაზს უსვამს, რომ ამჟამად რუსეთი თურქეთისთვის ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
ბაირაქტარის თქმით, 2023 წელს თხევადმა ბუნებრივმა აირმა თურქეთის იმპორტის დაახლოებით 30% შეადგინა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 15% იყო.