რუსეთისთვის ელექტროტექნიკის მიწოდებისთვის რამდენიმე ჩინურ კომპანიას ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს. როგორც გამოცემა Financial Times წერს, ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ამ კომპანიების პროდუქცია შესაძლოა გამოიყენებოდეს იარაღის წარმოებაში.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს შესაძლოა შვიდი ჩინური კომპანია დაემატოს, ესენი არიან 3HC Semiconductors და King-Pai Technology, ასევე ხუთი კომპანია ჰონკონგიდან: Alpha Trading Investments, Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links და Tordan Industry. ეს კომპანიები მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებს და სხვა ელექტრონიკას აწარმოებენ. სანქციები შესაძლოა შეეხოს ორ მწარმოებელსაც არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ერთს - სომხეთიდან, შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს ირანულ კომპანიებსაც.
ჩამოთვლილთაგან ზოგი ჩინური კომპანია უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ.
თუ სანქციების მე-11 პაკეტში ჩინური კომპანიები მოხვდებიან, ეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი იქნება, რომელიც ჩინურ კომპანიებსაც შეეხება.