აშშ–მა სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს და ФСБ-ს, ასევე ირანის "რევოლუციური გვარდიის" დაზვერვის სამსახურს, – იუწყება Reuters. მიზეზი ამ ქვეყნებში აშშ-ის მოქალაქეების უკანონო დაკავება გახდა.
"ჩვენი ქმედება არის გაფრთხილება ყველასთვის მთელ მსოფლიოში, ვინც ფიქრობს აშშ-ის მოქალაქეების არასწორად დაკავებაზე ამის პოტენციური შედეგების შესახებ", - ამბობს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.
მისი თქმით, შეერთებული შტატები არაერთ ძალისხმევას მიმართავს, საჯარო და არა, თავისი მოქალაქეების დასაბრუნებლად და ეს სანქციები არის საჯარო ზომები.
რუსეთის შემთხვევაში ახლა ორ ამერიკელზეა საუბარი. ეს არის Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც დააკავეს ეკატერინბურგში და დაადანაშაულეს ჯაშუშობაში, თუმცა მისი რედაქტორები ამტკიცებენ, რომ მან შეაგროვა ჟურნალისტური მასალა ომისადმი რუსების დამოკიდებულების შესახებ. შემდეგია ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც 2020 წელს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობისთვის.