„ფაინენშელ ტაიმსის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა წელს რუსეთიდან რეკორდული რაოდენობით თხევადი გაზის იმპორტი განახორციელა.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების დეკლარირების მიუხედავად, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირმა მიიღო 16,5 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი, რაც აღემატება გასული წლის იმპორტს (15,18 მილიონი ტონა) და სჭარბობს 2022 წლის რეკორდს (15,21 მილიონი ტონა), - წერს „ფაინენშელ ტაიმსი“.

მილსადენებით გაზის იმპორტისგან განსხვავებით, რომელიც მინიმუმადე შემცირდა და ასევე განსხვავებით რუსული ნავთობისა და ქვანახშირისგან, რომელთა შეტანასა ევროკავშირი კრძალავს, რუსული თხევადი გაზის იმპორტი კვლავ დაშვებულია და იზრდება, რაც იმის ნიშანია, რომ „პანიკურ“ მდგომარეობაში მყოფი ევროპა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გადაეჩვიოს იაფი საწვავის მოხმარებას.

იამალის ტერმინალიდან ევროპაში მიწოდებულ თხევად გაზს „მნიშვნელოვნად დაბალი“ ფასი აქვს, ვიდრე შეერთებული შტატებიდან მიწოდებულს.

ადრე ევროპას გაზის დაახლოებით ორ მეხუთედს რუსეთი აწვდიდა და მთლიანი მოცულობის უმეტესი ნაწილი მილსადენებით მიეწოდებოდა. ამჟამად რუსეთიდან გაზის მთლიანი იმპორტი, მილსადენის გაზის ჩათვლით, შეადგენს ევროკავშირის გაზის მიწოდების მხოლოდ 16 პროცენტს. ამავე დროს, წლეულს ევროკავშირში საზღვაო გადაზიდვებით მიწოდებული თხევადი გაზის იმპორტში რუსეთის წილი 20 %-ია, შარშან კი 15% იყო.

„ფაინენშელ ტაიმსის“ თანახმად, რუსული თხევადი გაზის ევროკავშირში მიწოდება, ძირითადად, საფრანგეთის დიუნკერკის და ბელგიის ზებრიუგეს პორტებში ხდება. 

ფრანგულ ენერგეტიკულ კომპანიებს EDF და TotalEnergies, ისევე როგორც გერმანულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Sefe-ს აქვს შეთანხმება იქ ტერმინალის გამოყენების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ევროკავშირის ქვეყნებს მათ მიერ ამერიკისთვის მიწოდებულ საქონელზე საბაჟო ტარიფების გაზრდით დაემუქრა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირი არ გაზრდის შეერთებული შტატებში შესყიდული გაზის და ნავთობის მოცულობას.