ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

18 დეკემბერს, რიიგიკოგუს საინფორმაციო სხდომაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა კონსერვატიულ-სახალხო პარტიის ფრაქციის წევრმა ვარო ვოოგლაიდმა ესტონეთის და საქართველოს ურთიერთობის დამაზიანებელი სისტემატური ქმედებების გამო გააკრიტიკა.

რიიგიკოგუს ესტონეთ-საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი, 1981 წელს დაბადებული და 1981-1993 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში მცხოვრები ლაური ლაატსმა ვარო ვოოგლაიდს დაუჭირა მხარი და საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას საქართველოსთან მიმართებით ნაკლები ბრალდებების და მეტი დიპლომატიურობისკენ მოუწოდა.

ლაური ლაატსმა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ვარო ვოოგლაიდის კრემლის ნარატივების გამავრცელებლად წარმოჩენის მცდელობას შეუფერებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მარგუს ცაჰკნა არაა ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მსგავს რიტორიკას იყენებს. ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ ვინც გაბედავს მთავრობის კრიტიკას, არის კრემლის მომხრე, ან მას, სულ მცირე, მსგავსი შეხედულებები აქვს.

„და ეს სირცხვილია", - თქვა ლაატსმა და განაგრძო:

„ჩვენ ყველანი ვწუხვართ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ იქ ყველაფერი არ არის ისე შავ-თეთრი, როგორც თქვენ ვდილობთ წარმოაჩინოთ. განაცხადეთ, რომ არცერთმა ქვეყანამ და არცერთმა ორგანიზაციამ არ აღიარა ეს არჩევნები და დაგავიწყდათ გეთქვათ, არავინ საპირისპიროს რომ არ ამტკიცებს. არავის უთქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები უკანონოდ მოიგო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოფიციალური პოზიცია ჯერ არ არსებობს. ვიცით, რომ იყო 16 ათასი დამკვირვებელი. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იყო ხარვეზები საარჩევნო პროცესში. და იქ მშვიდობიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს? რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შეიძლება. ინტერნეტში ამ თემაზე უამრავი მასალაა. და ის, რომ ეს დემონსტრაციები ახლა იქ იმართება, რა თქმა უნდა, პრობლემაა და ორივე მხრიდან არიან დაშავებულები.

ახლა ისმის კითხვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ. ჩვენ სრულად უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ. და ეს მიმართულება აუცილებლად უნდა განვავითაროთ. საკითხავია რა ინსტრუმენტით. ის, რომ ჩვენ საქართველოს კარისკენ მივუთითებთ მთელი ევროპის მასშტაბით, არასწორია. პირიქით, უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მათ არ ჰქონდეთ ასეთი მდგომარეობა, ან ასე ვთქვათ, საპირისპირო განცდა, რომ ევროპას რეალურად არ სურს ისინი და ჩვენ არ გვინდა მათთან საქმე გვქონდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია პირველ რიგში უნდა იყოს".

ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრმა სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიების ზოგიერთმა დეპუტატმა ლაური ლაატსი საქართველოში სიტუაციის რუსული ვერსიის შესაბამისად წარმოჩენაში დაადანაშაულა და „ესტი 200“-ის დეპუტატის, ანდო კივიბერგის ხელმძღვანელობით მისი გადაყენების პროცედურა წამოიწყო.

ესტონური პრესის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფში დამატებით გაწევრიანდა ცენტრისტული პარტიის დეპუტატის, ლაური ლაატსის მოწინააღმდეგე ათი დეპუტატი (რიიგიკოგუს საიტის თანახმად, ჯგუფში ამჟამად 101 დეპუტატიდან 29 დეპუტატია გაწევრიანებული) და უმრავლესობის გადაწყვეტილებით ლაატსი გადაყენებული იქნა.

ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი ანდო კივიბერგი გახდა.