ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მოამზადა. სანქციების პროექტი უკვე წარედგინა წევრი ქვეყნების მთავრობებს განსახილველად.
როგორც იუწყებიან, მე-16 პაკეტი არ ითვალისწინებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის სრულ აკრძალვას.
სხვა საკითხებთან ერთად, სანქციების მორიგი პაკეტი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს ათეულობით ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ.
მათ შორის, ვის მიმართაც სანქციებია გათვალისწინებული, არიან რუსული სამხედრო მრეწველობის მესვეურები, სხვათა შორის ანატოლი ტურჩაკი, ალტაის რესპუბლიკის მეთაურის, ანდრეი ტურჩაკის მამა.
სიაში ასევე შედიან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები - რადას ყოფილი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინი. მედია მენეჯერები - ვასილ ბროვკო და კრისტინა პოტუპჩიკი, ტელეწამყვანი იულია ბარანოვსკაია, პუტინის მეგობრის ვლადიმირ კოლბინის ვაჟი და სხვა პირები ჩრდილოეთ კორეიდან.
სანქციების პაკეტის თანახმად, შეჩერდება რუსული თხევადი აირის მიწოდება ტერმინალებისთვის, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ევროკავშირის გაზის განაწილების საერთო სისტემასთან. შეზღუდვა არ შეეხება რუსული იმპორტის დიდ ნაწილს.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, რუსული თხევადი არის სრულად აკრძალვაზე უარი, რომლის იმპორტმა ევროპაში გასულ წელს რეკორდულ დონეს მიაღწია, იმედგამაცრუებელი იქნება ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაწესებას ითხოვენ.
სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირში თხევადი აირის მიწოდება თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით.
დეკემბერში ევროკავშირის ათმა ქვეყანამ - მათ შორის ფინეთმა, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - მოუწოდეს ევროკომისიას "რაც შეიძლება მალე აიკრძალოს რუსული გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი".
ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ნახშირისა და ნავთობის იმპორტი. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გაზის მილსადენებზე სანქციების დაწესებას, რადგან რამდენიმე ევროპული ქვეყანა ჯერ კიდევ მასზეა დამოკიდებული და შეზღუდვებს ბლოკის წევრების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
სანქციების მორიგი პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ 74 ტანკერის სანქცირებას და რუსული ალუმინის იმპორტის შეზღუდვას.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ალუმინზე შეზღუდვები ეტაპობრივი იქნება და იგი საშუალებას მისცემს ევროპელ მყიდველებს, რუსეთიდან ალუმინის შემოტანა კიდევ ერთი წლის განმავლობაში, კვოტების სისტემით განახორციელონ, ვიდრე სრული აკრძალვა შევა ძალაში. ევროკავშირი კვლავ ყიდულობს ამ ლითონის დაახლოებით ექვს პროცენტს რუსეთისგან.
ევროკავშირი ასევე განიხილავს კიდევ 15 რუსული ბანკის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან. 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, რუსეთში 200-ზე მეტი ბანკი ჯერ კიდევ არის SWIFT-თან დაკავშირებული.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს ახალ სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ და რამდენიმე არსებული სანქციების გაფართოებას.