ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს.
სამშაბათს, ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების გეგმები რეგიონში ავიამზიდის გაგზავნის შესახებ და თქვა, რომ ავიამზიდის იქ შესვლამ შეიძლება გამოიწვიოს „ხოცვა-ჟლეტა".
„რას აკეთებს ამერიკული ავიამზიდი ისრაელში? რას აპირებს? ისინი აიღებენ ღაზას, თავს დაესხმებიან მიმდებარე ტერიტორიებს და დაიწყებენ მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას“, - განაცხადა მან.
ცეცხლზე ნავთის დასხმა, სამოქალაქო დასახლებებზე, მშვიდობიან მოსახლეობა თავდასხმა არავის არ მოუტანს სარგებლობას, - თქვა ერდოგანმა და გაიმეორა მხარეებს შორის შუამავლობის შეთავაზება.
მისი თქმით, იგი გააგრძელებს ძალისხმევას ომის დასასრულებლად. მან ასევე თქვა, რომ სამშაბათს გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.
სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს ერდოღანსა და პუტინს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო დასახლებების დაბომბვა შეშფოთებას იწვევს და თურქეთი ასეთ ინიციატივებს არ მიესალმება.
თურქეთი მომავალშიც ყველა ზომას იხმარს რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, - თქვა ერდოგანმა.