საფრანგეთში აშშ-ის ელჩმა, ჩარლზ კუშნერმა, კვირას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ „საკმარისი ზომების არმიღების“ გამო დაგმო.
კრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კრიტიკას ემატება. პარიზმა საფრანგეთში შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაბარება გადაწყვიტა, - წერს ფრანგული მედია.
საფრანგეთში შეერთებული შტატების ელჩის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პარიზის სწრაფი რეაქცია მოჰყვა: ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ორშაბათს კე დ’ორსეზე ელოდებიან.
სახელმწიფოს მეთაურისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც სააგენტო „ფრანს პრესმა“ კვირას მოიპოვა, ელჩმა გამოთქვა „ღრმა შეშფოთება საფრანგეთში ანტისემიტიზმის ზრდის გამო (...)“. „დღეს დაყოვნება აღარ შეიძლება: ანტისიონიზმი - ანტისემიტიზმია და წერტილი“, - განაცხადა დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მამამ.
ელჩის თქმით, „საფრანგეთში არც ერთი დღე არ გადის ისე, რომ ქუჩებში ებრაელებს თავს არ დაესხნენ, სინაგოგები და სკოლები არ დაზიანდეს და ებრაელთა კუთვნილი ბიზნესსაწარმოები არ დაირბეს. თქვენი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ნიადაგზე ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა საბავშვო ბაღები“
„ახალგაზრდა ფრანგების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არასდროს სმენია ჰოლოკოსტის შესახებ“, - ამბობს საფრანგეთში შეერთებული შტატების წარმომადგენელი და დასძენს:
„ასეთი უმეცრება ფრანგული სკოლების სასწავლო პროგრამის ეჭვქვეშ დაყებას გვაიძულებს“.
პრეზიდენტ ტრამპის ამ სფეროში ქმედებებისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის უნარის ქების პარალელურად, კუშნერი საფრანგეთის პრეზიდენტს „გადამწყვეტი მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.
ამ კრიტიკულმა შენიშვნებმა საფრანგეთის მთავრობის მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
„საფრანგეთი მტკიცედ უარყოფს ამ უახლეს ბრალდებებს. 2023 წლის 7 ოქტომბრიდან საფრანგეთში ანტისემიტური ქმედებების ზრდა არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვგმობთ და რომლის წინააღმდეგაც საფრანგეთის ხელისუფლება სრულად არის მობილიზებული, რადგან ეს ქმედებები შეუწყნარებელია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ხაზგასმით აღნიშნა:
„ელჩის ბრალდებები მიუღებელია. ისინი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ვალდებულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია დიპლომატიური ურთიერთობების მარეგულირებელი 1961 წლის ვენის კონვენციით. ისინი ასევე არ ასახავს საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტრანსატლანტიკური კავშირების ხარისხს და ნდობას, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოკავშირეებს შორის ამ ურთიერთობებიდან“.
ეს კრიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ საფრანგეთის პრეზიდენტზე სასტიკი თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღეში გაისმა, ნეთანიაჰუმ მაკრონი პალესტინის სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარებისკენ მოწოდებით „ანტისემიტური განწყობების გაღვივებაში“ დაადანაშაულა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ანალიზი „მცდარია, უღირსია და უპასუხოდ არ დარჩება“.
ივლისის ბოლოს ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებდა. მას შემდეგ, ათზე მეტმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის კანადამ და ავსტრალიამ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს მოუწოდა იმავეს გაკეთებისკენ. გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნა დაგეგმილია 22 სექტემბერსაა, ებრაული ახალი წლის დღეს. მისი დადგომის წინა დღეებში ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა ემანუელ მაკრონს, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში „მოდუნება მოქმედებით, უღონობა კი - სიმტკიცით ჩაანაცვლოს“.