უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მილსადენ „დრუჟბას“ ნავთობსაქაჩ სადგურზე დრონებით მორიგ თავდასხმას და უკრაინის პრეზიდენტის მუქარანარევ პასუხს, კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, უნგრეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, მოიპოვა თუ არა უკრაინამ მეტი ბერკეტი უნგრეთი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, „დრუჟბაზე“ დრონებით დარტყმების და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტისადმი დახმარების თხოვნის შემდეგ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ყოველთვის უჭერდა მხარს უნგრეთთან მეგობრობას და იქვე, ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ნავთობსადენსაც მეგობრობა ჰქვია, მუქარანარევი ხუმრობით მიანიშნა, ერთი მხრივ, უკრაინის მხრიდან ორივესადმი - კარგი ურთიერთობისა და ნავთობსადენისადმი - პოზიტიური განწყობის შეუთავსებლობაზე და, მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში უნგრეთის ვეტოსა მოხსნასა და „დრუჟბაზე“ თავდასხმების კავშირზე. 

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას. ახლა კი „დრუჟბის“ არსებობა დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე გამოეხმაურა.  

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული გამოიყენა, რათა უნგრეთზე დამუქრებოდა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის დაშინებას. 

ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს ველით სანაცვლოდ.

უკანასკნელ დღეებში უკრაინამ სერიოზული თავდასხმები განახორციელა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემებზე. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა - სუვერენიტეტზე თავდასხმაა. 

ომი, რომელთანაც უნგრეთს არანაირი კავშირი არ აქვს, ვერასოდეს ვერ გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას. 

ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შეწყვიტოს უნგრეთზე მუქარა და დაასრულოს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უპასუხისმგებლო თავდასხმები“, - დაწერა X-ზე სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანრიი სიბიგამ უპასუხა:

„მე უნგრული მანერით გიპასუხებთ.

თქვენ უკრაინის პრეზიდენტს არ უნდა მიუთითოთ, რა გააკეთოს ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის. უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება თქვენს ხელთაა. განახორციელეთ დივერსიფიკაცია და გახდით ისეთივე დამოუკიდებლები რუსეთისგან, როგორიც დანარჩენი ევროპაა“.

პიტერ სიიარტოს უპასუხოდ არც ეს განცხადება დაუტოვებია.

„შეწყვიტეთ თავდასხმა ჩვენს ენეგოუსაფრთხოებაზე! ეს არ არის ჩვენი ომი!“, - დაწერა X-ზე   უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა