ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა, რათა ეგვიპტეში გადასვლა შეძლონ მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა და ისრაელის საჰაერო დარტყმებისას დაშავებულმა რეგიონის რამდენიმე ათეულმა მცხოვრებმა. შეთანხმება კატარის შუამავლობით იქნა მიღწეული, იუწყება Reuters. მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა.
არაბულმა სატელევიზიო არხებმა უჩვენეს რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც საზღვარზე გადავიდნენ. როგორც ჩანს, საუბარია უცხოური პასპორტის მფლობელებზე. იუწყებიან, რომ ოთხშაბათს 500 ადამიანი უნდა გადაუშვან საზღვარზე.
არაბული მედიის ცნობით, ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა ეგვიპტიდან ოთხშაბათს დილით შევიდა ღაზას სექტორში. ირწმუნებიან, რომ ისინი 81 დაჭრილს გადაიყვანენ.
შეთანხმება არ ეხება სხვა საკითხებს, როგორიცაა "ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლება ან "ჰუმანიტარული ზავი".
ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის ერთადერთი სასაზღვრო გადასასვლელი სრულად არ ფუნქციონირებს. ეგვიპტის ხელისუფლება ღაზიდან ლტოლვილთა შედინების გამო შიშობს და უარს ამბობს საკუთარ ტერიტორიაზე მათ შეშვებაზე. სასაზღვრო გადასასვლელი ბოლო პერიოდში გაიხსნა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გადამტანი მანქანებისთვის.
პალესტინის ანკლავის, ღაზას სექტორის მოსახლეობა დაახლოებით 2,3 მილიონია. ანკლავს აკონტროლებს რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი", რომელიც 7 ოქტომბერს თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს. ისრაელმა საპასუხო სამხედრო ოპერაციები დაიწყო, რომლის ამ დრომდე გრძელდება.