აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ, 1-ელ ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ადმინისტრაციას მოუწევს, განიხილოს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის დეპორტაციის საკითხი მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტთან ბიუჯეტის ხარჯების კანონპროექტთან დაკავშირებით დაპირისპირება ხელახლა წამოიწყო. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

ამას გარდა, ტრამპი მილიარდერს დაემუქრა, რომ DOGE-ს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიუგზავნის მისი საქმიანობის შესასწავლად, რომელსაც მასკი თავად ხელმძღვანელობდა.

ილონ მასკმა შაბათსა და კვირას რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც რესპუბლიკელები ბიუჯეტის შესახებ ე.წ. "დიდი, ლამაზი კანონპროექტის" გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ის საგარეო ვალის ზრდას გამოიწვევს.

"ფაქტია, რომ ამ კანონპროექტის გიჟური ხარჯებით, რომელიც სახელმწიფო ვალს რეკორდულად ხუთი ტრილიონ დოლარამდე ზრდის, ჩვენ ერთპარტიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, "ღორის პარტია!" - დაწერა მასკმა ორშაბათს.

ტრამპმა სამშაბათს, დილით, მასკს Truth Social-ზე პოსტით უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორს, "ილონს მოუწევდა მაღაზიის დახურვა და სამხრეთ აფრიკაში, სახლში დაბრუნება". ცნობისათვის, ილონ მასკი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა, შემდეგ კი ამერიკის მოქალაქეობა აქვს მიღებული ნატურალიზაციის გზით.

დილით, ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებდა თუ არა მასკის დეპორტაციას, ტრამპმა უპასუხა: "ამ საკითხს უნდა გადავხედოთ".

"შესაძლოა, ილონს DOGE მივუგზანოთ", - თქვა მან და იგულისხმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელსაც მასკი ადრე ხელმძღვანელობდა.