დიდმა ბრიტანეთმა რუს ბიზნესმენ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა, იტყობინება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდი. ტინკოვის სახელი აღარ ფიგურირებს განახლებულ სანქციების სიაში. სანქციების მოხსნის მიზეზი დოკუმენტში არ არის მითითებული. ბიზნესმენის მიერ შექმნილი Tinkoff Bank, რომელიც ომის შემდეგ მილიარდერ ვლადიმერ პოტანინის სტრუქტურებს მიჰყიდეს, კვლავ სანქციების სიაშია.
ოლეგ ტინკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოღებულ იქნა 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. იმავდროულად, ბიზნესმენმა ამ ომის წინააღმდეგ არაერთხელ ისაუბრა. მაისში მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთს დაემშვიდობა, სადაც, მისი სიტყვებით, "არაფერი დარჩა". 2022 წლის ოქტომბერში ტინკოვმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, რადგან არ სურდა "პუტინის ფაშიზმთან ასოცირება".
ტინკოვმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართა. როგორც "ბლუმბერგი" წერს, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მისთვის სანქციების მოხსნა "ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ დასავლეთის სანქციები ყველა რუსის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს პუტინს და მის შემოჭრას".
ბრიტანელმა მილიარდერმა და Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა და რუსმა პოლიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ლონდონის მთავრობას, ოლეგ ტინკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მოთხოვნით ასევე მიმართეს. ომის დაწყების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა სადამსჯელო ზომები, რომელიც მან მსხვილი რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ დააწესა.
ასევე, 20 ივლისს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა კიდევ რვა ადამიანისა და ხუთი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია PMC Wagner-ის საქმიანობასთან აფრიკაში.
ლონდონის სანქციების ქვეშ მოქცეულ კომპანიებს შორისაა M-Invest, Lobaye Invest SARLU, Meroe Gold, Sewa Security Services და Alsolag Mining Co Ltd.