ჰიდეია ტოკიოშიმ ინგლისური ენის მასწავლებლის კარიერა ტოკიოში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ მისი ხელფასი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამიტომაც, სამი წლის წინ, როცა უფრო მაღალი ხელფასის იმედი დაკარგა, სკოლის მასწავლებელმა გადაწყვიტა, წიგნების წერა დაეწყო.
"ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან წიგნების წერა და გაყიდვა შემოსავლის დამატებით წყაროს მაძლევს", - განუცხადა ტოკიოშიმ CNN-ს.
ტოკიოში ეკუთვნის იაპონელ მუშაკთა თაობას, რომლებსაც თითქმის მთელი სამუშაო ცხოვრების განმავლობაში ხელფასი არ გაზრდიათ. ახლა, როდესაც ფასები იზრდება, მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა ცხოვრების დონის დაცემის მთავარი გამოწვევის წინაშე დგას და კომპანიები ძლიერ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან, რათა დასაქმებულებს მეტი გადაუხადონ.
იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა ბიზნესს მოუწოდებს, დაეხმარონ დასაქმებულებს, რათა ცხოვრების მზარდ ღირებულებას გაუმკლავდნენ. გასულ თვეში მან კომპანიებს მოუწოდა, გაზარდონ ხელფასები და ზოგიერთმა მათგანმა უკვე გაითვალისწინა მოწოდება.
როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, იაპონიაშიც ინფლაცია მთავარი თავის ტკივილი გახდა. ძირითადი სამომხმარებლო ფასები დეკემბრამდე წლის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა. ეს ჯერ კიდევ დაბალია ამერიკასა და ევროპასთან შედარებით, მაგრამ იაპონიისთვის 41 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს.
"ქვეყანაში, სადაც ნომინალური ხელფასები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაზრდილა, რეალური ხელფასები, ინფლაციის შედეგად, საკმაოდ სწრაფად იკლებს", - განუცხადა CNN-ს Moody's Analytics-ის ტოკიოელმა უფროსმა ეკონომისტმა სტეფან ანგრიკმა.
გასულ თვეში იაპონიამ ინფლაციის მიხედვით მორგებული შემოსავლის ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა თითქმის ათწლეულის განმავლობაში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, 2021 წელს იაპონიაში საშუალო წლიური ხელფასი იყო 39,711 აშშ დოლარი.
ექსპერტები ხელფასების სტაგნაციის რიგ მიზეზებზე მიუთითებენ. ჯერ ერთი, იაპონია დიდი ხანია ებრძვის იმას, რის წინაშეც ახლა დგას: დაბალი ფასები. დეფლაცია დაიწყო 1990-იანი წლების შუა პერიოდში, მოძლიერებული იენის გამო, რამაც გამოიწვია იმპორტის ხარჯების შემცირება და შიდა აქტივების აფეთქება.
"ბოლო 20 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ძლივს შეიცვალა", - თქვა მაიგე ადალეთ მაკგოუანმა, OECD-ის იაპონიის უფროსმა ეკონომისტმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ხელფასები იაპონიაში ასევე სხვა ჩამორჩენის გამოც გაიყინა: პროდუქტიულობის დონე.
ქვეყნის პროდუქტიულობა, რომელიც იზომება იმით, თუ რამდენ დასაქმებულს ემატება ქვეყნის მშპ საათში, დაბალია OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე, თქვა იამაგუჩიმ და იამაგუჩის თქმით, "ალბათ, მთავარი მიზეზია უცვლელი ხელფასია".
"ზოგადად, ხელფასები და პროდუქტიულობის ზრდა თანმიმდევრულად მიდის," - თქვა მაკგოუანმა. "როდესაც არის პროდუქტიულობის ზრდა, ფირმები უკეთესად მუშაობენ და როდესაც უკეთესად მუშაობენ, შეუძლიათ შესთავაზონ უფრო მაღალი ხელფასი."
მისი თქმით, იაპონიის დაბერებული მოსახლეობა დამატებით შეშფოთებას იწვევს, რადგან დაბერებული სამუშაო ძალა ჩვეულებრივ, დაბალ პროდუქტიულობას და დაბალ ხელფასს ნიშნავს. იცვლება ხალხის მუშაობის წესიც.
მაკგოუანის თანახმად, 2021 წელს იაპონიის მთელი სამუშაო ძალის თითქმის 40% მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე.
"რადგან ამ არამუდმივი დასაქმებულების წილი გაიზარდა, საშუალო ხელფასი, რა თქმა უნდა, ასევე დაბალია, რადგან ისინი ნაკლებს გამოიმუშავებენ," - თქვა მან.
ეკონომისტები ამბობენ, რომ იაპონიის უნიკალური სამუშაო კულტურა ხელს უწყობს ხელფასების სტაგნაციას.
ბევრი ადამიანი მუშაობს ტრადიციულ "უვადო დაქირავების" სისტემაში, სადაც კომპანიები დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ მუშები უვადოდ შეინარჩუნონ, თქვა ანგრიკმა.
ეს ნიშნავს, რომ ისინი ხშირად ძალიან ფრთხილობენ ხელფასების ამაღლებასთან დაკავშირებით.
"მათ არ სურთ ხალხის გათავისუფლება. ასე რომ, მათ ესაჭიროებათ ეს ბუფერი, რათა შეძლონ მათი შენარჩუნება, როდესაც კრიზისი დადგება," - თქვა მან.
მაკგოუენი ამბობს, რომ სტაჟზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა, სადაც დასაქმებულებს უნაზღაურებენ მათი წოდებისა და მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით, ვიდრე შრომისუნარიანობის მიხედვით, ამცირებს ადამიანების სტიმულს, შეიცვალონ სამუშაო, რაც სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ხელს უწყობს ხელფასების გაზრდას.
გასულ თვეში კიშიდამ გააფრთხილა, რომ ეკონომიკა საფრთხის ქვეშ იყო და თქვა, რომ იაპონიას ემუქრება სტაგფლაცია. ტერმინი აღნიშნავს მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის სტაგნაციის პერიოდს.
წელიწადში ხელფასების 3%-ით ან მეტით გაზრდა კიშიდას ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იყო.
მთავრობის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ ახალი "ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზომები მოიცავს ხელფასების გაზრდის გაფართოებულ მხარდაჭერას, გაზრდილ პროდუქტიულობასთან ერთად".
ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კომპანიებისთვის მითითებების გაცემას ივნისისთვის გეგმავს.