CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში იბრძვიან და მათი უკან დახევის ნიშნები არ არის.
"ჩვენ დაახლოებით 5 მილში, 7 კილომეტრში ვართ იმ ადგილიდან, სადაც ბრძოლები მძვინვარებს. თქვენ გესმით არტილერიის ხმა - მათი უმეტესობა ქალაქისკენაა მიმართული“ - განაცხადა CNN-ის ჟურნალისტმა ბენ ვედმენმა, რომელიც სოლედართან ახლოს იმყოფება.
გამოცემის ცნობით, ფრონტიდან რამდენიმე კილომეტრში მყოფი უკრაინელი სამხედროები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ასრულებენ ტექნიკურ და ლოგისტიკურ სამუშაოებს. მათი თქმით, ადგილზე უკრაინელების უკან დახევის ან ჯარების გაყვანის ნიშნები არ არის.
CNN-ის ჟურნალისტის თქმით, ისინი კონტაქტზე არიან უკრაინელ სამხედროსთან, რომელიც ახლა სოლედარში იბრძვის. ეს სამხედროც უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ რუსეთი ქალაქს სრულად აკონტროლებს.
"აქ საქმე რთულადაა, მაგრამ ჩვენ უფრო ცოცხლად ვართ ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაიჯეროთ რასაც ამბობენ. ჩვენ აქ ვრჩებით. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად, მეთაურების გარეშე" - განაცხადა უკრაინელმა სამხედრომ CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მომდევნო 24 საათი ბრძოლებისთვის გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან რუსეთი ცდილობს ალყა შემოარტყას ქალაქში მყოფ უკრაინულ დანაყოფებს. იმავდროულად, უკრაინელი სამხედროს ცნობით, მტერი საკომუნიკაციო გზებს აფერხებს, რაც ართულებს უკრაინის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებს შორის კოორდინაციას.
ბახმუტის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსულმა ძალებმა ახლომდებარე ქალაქ სოლედარს შეუტიეს.
9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მათი თქმით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.