ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტს "საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ზომების მიღებისკენ" მოწოდების გამო მადლობას უხდის.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იუწყება, ბორელის შესაბამისი განცხადება, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ წაიკითხა:

"26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცემს ხმას. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ის ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

გასულ წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს ძლიერი სტიმული იქნებოდა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, ხელახლა იქნა წარდგენილი და მიღებული.

სხვა წინადადებები, რომლებიც LGBTQI საზოგადოების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ასუსტებს, ასევე წინ იქნა წაწეული. ამავდროულად, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა უფრო ხმამაღალი გახდა.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ – ევროპარლამენტს, რომ ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მტკიცედ მოუწოდებთ ევროკავშირს საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხო რეაგირებისკენ.

ევროკავშირმა უპასუხა შესაბამისი ზომებით: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია, ევროკავშირის 30–მილიონიანი დახმარება გაჩერებულია, დახმარების პორტფელი გადახედვის პროცესშია.

ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ამ ქმედებების კურსი და ჩვენ გავზარდეთ ჩვენი კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. ამ ზომების გაუქმება შესაძლებელია და გამოსავალი მარტივია, თუ იარსებებს შესაბამისი პოლიტიკური ნება. საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გაიწვიონ ის კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კერძოდ, ის კანონები, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ ყალბი ბრალდებები და დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომელსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერ–მინისტრი და პარლამენტის წევრები ავრცელებენ. განცხადება, რომ ევროკავშირი და დასავლეთი ცდილობენ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში, ან ცდილობს ქვეყნის უკრაინიზაციას - ეს არის მიუღებელი, ყალბი და დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთობისთვის.

ეს ნარატივები ემსახურება მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას. ევროკავშირი ასეთი ყალბი ნარატივების გამოვლენას განაგრძობს და უპასუხებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.

და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ძლიერი ტექსტი საქართველოს დემოკრატიისთვის. საარჩევნო კამპანიას უკვე ჩირქად მოეცხო მმართველი პარტიის ქმედებები, დაპირების ჩათვლით, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და ძალისხმევის თვალსაზრისით, შეიზღუდება სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ასეთი ტაქტიკა გვახსენებს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებას, თუ ეს ზომები იქნება განხორციელებული, ისინი ნამდვილად შეეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყველა იმ პრინციპს, რომელზედაც დგას ევროკავშირი.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი, რაც ნამდვილად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.

ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ყველა ქართველთან საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".