ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა და ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა ირანის თავდასხმაზე თქვა, რომ "მოვლენა არ დასრულებულა", სტრატეგიულ ალიანსს გააძლიერებენ და ირანს ხელსაყრელ დროს აზღვევინებენ. ამის შესახებ განცმა ომის კაბინეტის კრებამდე გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.
"ირანის საფრთხის წინაშე, ჩვენ რეგიონულ კოალიციას ავაშენებთ და ირანს საფასურს ვაზღვევინებთ, იმგვარად და მაშინ, როცა ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება". - თქვა განცმა.
განცმა აღნიშნა, რომ ირანი საფრთხეს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს, ხოლო თავდასხმის ფონზე ისრაელმა აჩვენა, რომ "ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საყრდენი არის".
"ირანი გლობალური პრობლემაა, რეგიონული გამოწვევაა და ასევე ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გუშინ, მსოფლიო ნათლად იდგა ისრაელთან საფრთხის წინაშე. ისრაელი ირანის წინააღმდეგ, მსოფლიო ირანის წინააღმდეგ - ეს არის შედეგი. ეს არის სტრატეგიული მიღწევა, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებისთვის უნდა გამოვიყენოთ". - თქვა განცმა.
ომის კაბინეტის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები ბოლომდე არ შეუსრულებიათ და ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიას გააგრძელებენ.
"დღესაც კი უნდა გვახსოვდეს რომ ბოლომდე ჯერ არ შეგვისრულებია ჩვენი ამოცანები - უმთავრესად მძევლების დაბრუნება და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მოსახლეობის წინაშე საფრთხის აღმოფხვრა. გავაგრძელებთ კამპანიას მიზანდასახულობით და პასუხისმგებლობით და ერთად - ჩვენ გავიმარჯვებთ". - თქვა განცმა.